მენიუ

SANGU-ში კიბერუსაფრთხოების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

წელს, SANGU კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკულ სამაგისტრო პროგრამაზე 30 მსურველს სწავლას სრულად დაუფინანსებს
SANGU-ში კიბერუსაფრთხოების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთად (NKU) შექმნა ინოვაციური, ხარისხიანი განათლებისა და მომავლის პროფესიის მიღების ახალი ექსკლუზიური შესაძლებლობა. ეს არის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი, საერთაშორისო, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი ხარისხის დიპლომი.

წელს, SANGU კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკულ სამაგისტრო პროგრამაზე 30 მსურველს სწავლას სრულად დაუფინანსებს.

3 ნოემბერს, SANGU-ში აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის საზეიმო პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების, დიპლომატიური კორპუსის და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა.

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, რომლის პირადი ინიციატივის და დიდი ძალისხმევის შედეგია ამ პროექტის შექმნა და წარმატებით განვითარება, ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების მომავალზე, ინოვაციური განათლების აუცილებლობაზე და აღნიშნა - „დღეს დიდი დღეა, ამ პროგრამის ქართულ უნივერსიტეტში დანერგვით ჩვენ ვხდებით ცივილიზებული მსოფლიოს სრულუფლებიანი წევრი, შეიძლება ითქვას, დღეს ჩვენმა უნივერსიტეტმა განათლების სისტემის სხვა სფეროში შეაბიჯა. ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი წამყვანი უნივერსიტეტია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სწორედ ის უმზადებს სპეციალისტებს ნასას და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს, ძალიან სასიხარულო და საამაყოა ის ნდობა რაც მათ ჩვენთან თანამშრომლობით გამოგვიცხადეს“.
მეუფე იაკობმა პროგრამის ამერიკიდან გადმოტანაში დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ამერიკელ კოლეგებს და დასძინა, რომ კიდევ ბევრჯერ ჩავა პარტნიორ უნივერსიტეტში და კიდევ ბევრ პროგრამას ჩამოიტანს, რადგან ,,ერთობლივი თანამშრომლობა წაადგება ჩვენი ერების ურთიერთობასაც და ჩემი ქვეყნის განვითარებასაც. პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის შვილი ვარ და მინდა, რომ სხვას არ ჩამორჩებოდეს განათლებით“.

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა საკმაოდ ვრცელი სიტყვით მიმართა აუდიტორიას. მან გამოხატა სიხარული SANGU-ში სტუმრობის გამო. ისაუბრა ზოგადად, კიბერუსაფრთხოების როლზე ქვეყნის თავდაცვაში და ქართულ-ამერიკული სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობაზე ამ თვალსაზრისით. გაიხსენა, რომ საქართველო გარკვეულ პერიოდში იყო კიბერთავდასხმების მსხვერპლი, ეს ახალი პროგრამა კი ,,გახლავთ გარანტი ქვეყნის კიდევ უფრო მეტი სტაბილურობის და განვითარების და ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობებს, მათ შორის, დასაქმების კუთხითაც“, - აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა. მან ისაუბრა საქართველოში განათლების მიმართულებით არსებული დიდი და ხანგრძლივი პარტნიორობის შესახებ, იმ უამრავი სასარგებლო პროექტის შესახებ, რომლებიც ამ თანამშრომლობით განხორციელდა და რომელთა მიზანი იყო ერთი - საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა და აღნიშნა, რომ ახლა კიდევ ერთი პარტნიორი შეგვემატა. ,,ამერიკის შეერთებული შტატები უაღრესად აფასებს ჩვენს თანამშრომლობას საქართველოსთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, საქართველოს საპატრიარქოსთან, მართლმადიდებელ ეკლესიასთან და თქვენს უნივერსიტეტთან. ყველაფერს, რასაც ამერიკის მთავრობა აკეთებს საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, აქვს ერთი მიზანი და ეს მიზანია ქართველი ხალხის სურვილი, იყოს წარმატებული, განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა “ აღნიშნა მან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიულოცა ქართულ უნივერსიტეტს ეს მნიშვნელოვანი წარმატება და თვალი გადაავლო იმ გზას, რომელმაც ჩვენი განათლების სისტემა ამ წარმატებამდე მოიყვანა. მან ახალი სამაგისტრო პროგრამა შაფასა, როგორც უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ ქართული უნივერსიტეტისათვის, არამედ მთელი საგანმანათლებლო სივრცისათვის. ამ რთულ და ხანგრძლივ სამუშაო პროცესებში გაწეული შრომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მეუფე იაკობს და შემდეგ ყველას, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში. მან განათლების მინისტრის სახელით კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართულ უნივერსიტეტს მხარდაჭერა ყველა იმ სასიკეთო საქმეში, რომელიც მიმართული იქნება ხარისხიანი განათლებისაკენ.

ამერიკიდან ონლაინ რეჟიმში დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა აშიშ ვადიამ და ინფორმატიკის კოლეჯის დეკანმა, კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორმა კევინ კერბმა.

პროგრამის შესახებ დეტალურად ისაუბრეს პროგრამის კოორდინატორმა ინგა ნაფეტვარიძემ და პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კობა გელაშვილმა.

 
გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგ...

ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია

საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“

ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე

შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე

სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სადისერტაციო ნაშრომის შექმნის ძირითად ეტაპებზე, კვლევის შედეგების ეფექტიანად წარმოჩენის მეთოდებსა და...

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა