მენიუ

ღვთის ხატად და მსგავსად ქმნილი - ილია II

ლიკა ტოკლიკიშვილი, სანგუს სტუდენტი.
ღვთის ხატად და მსგავსად ქმნილი - ილია II

ღვთის ხატად და მსგავსად ქმნილი - ილია II

მზე ჩაესვენა ისე, თითქოს სინათლემ თავადვე დახუჭა თვალები და ქალაქს სიჩუმის მძიმე საბურველი გადააფარა.

ქალაქი ნელ-ნელა ჩაიძირა მდუმარებაში, რომლის გულშიც იდგა სიონის ჭაღარა ტაძარი - ჩუმი, დამძიმებული, თითქოს თავადაც გლოვობდა...

ჰაერი სავსე იყო უთქმელი სიტყვებით. ადამიანები თავჩაღუნულნი, მდუმარედ მივუყვებოდით გზას სამებისკენ... გზას, რომელიც ადამიანთა უწყვეტი ნაკადით იყო სავსე.

თითქოს თითოეული ჩვენგანი საკუთარ ჯვარს ატარებდა და გოლგოთის გზას მიუყვებოდა - არა მხოლოდ ტკივილით, არამედ იმ რწმენითაც, რომ სიკვდილი დასასრული არ არის... რომ არსებობს სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე.

ერთი ტკივილი გვაერთიანებდა, თუმცა ყველას თავისებურად გვტკიოდა. ეს არ იყო მხოლოდ სევდა - ეს იყო დანაკარგი, რომელიც ერთდროულად შეეხო მთელ ერს.

თითქოს თავად ბუნებაც დადუმებულიყო. დუმდა სიონი...

მტკვრის დინება აღარ ჰგავდა ხმაურს - ის უფრო ცრემლს მიაგავდა, ვიდრე წყალს. ცაც დამძიმებულიყო - მძიმე, მოღრუბლული, ადამიანთა გულებივით სევდიანი.

და დუმდა ხალხიც...

ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ხმაზე მეტად ყვიროდა...

დაობლდა საქართველო...

დაობლდა ქართველი ერი...

დაობლდა სრულიად მართლმადიდებელი სამყარო...

დაობლდა ჩვენი უნივერსიტეტიც - ადგილი, რომლის შექმნასა და განმტკიცებაში თავად უწმინდესის ლოცვა და კურთხევა იყო ჩადებული...

როგორი იყო იგი ჩემთვის?

წელში მოდრეკილი, მაგრამ სულით კლდესავით მტკიცე...

ჭაღარა, მშვიდი, ტკბილხმიანი...

ადამიანი, რომელიც სიტყვებით კი არა - სიყვარულით ქადაგებდა.

მის მზერაში იყო სიმშვიდე. მის ხმაში - მამობრივი სითბო. მის დუმილშიც კი - რწმენა.

ის იყო კაცი, რომელიც ზეცასა და მიწას შორის იდგა - თითქოს ანგელოზი იყო ადამიანთა შორის...

მისი არსებობა თავად იყო ლოცვა - უხმო, მაგრამ ყოვლისმომცველი.

მისი თბილი, ღვთისმიერი ხელით დალოცვა დღემდე რჩება ჩვენს გულში.

მისი სიტყვები კი - დროის მიღმაც აგრძელებენ სიცოცხლეს.

ვგლოვობთ...

მაგრამ ამ გლოვაშიც არის მადლიერება და სიხარული, რადგან თქვენ არ წასულხართ ბოლომდე. დარჩით ტაძარში დარეკილი ზარის ხმაში... ანთებულ სანთლებში... ჩუმ ლოცვებში... და იმ გზაზე, რომელიც თქვენ გვაჩვენეთ - გზაზე, რომელსაც ახლა ჩვენ უნდა გავყვეთ.

მზიანი ღამე ჩაესვენა...

და იქ, სადაც ადრე სიტყვები ისმოდა, ახლა ლოცვა დგას.

ჩემს გულს ორი გრძნობა ერთდროულად ავსებს - მწუხარება და სიხარული...

მწუხარება - რადგან დავობლდი… დავკარგე სულიერი მამა, ნუგეში და ამქვეყნიური ანგელოზი...

და სიხარული - რადგან მქონდა ბედნიერება მეცხოვრა თქვენს ეპოქაში... ვყოფილიყავი იმის ნაწილი, რასაც თქვენი მადლიანი ხელი შეეხო...

ახლა კი...

ზეცად კიდევ ერთი მფარველი ანგელოზი გვყავს.

დასრულდა ეპოქა...

ეპოქა, რომელმაც შეცვალა ერის სულიერი ყოფა...

ეპოქა, რომელმაც ჩვენი იდენტობის ნაწილი განსაზღვრა...

დღეს სიცარიელე საერთოა... მაგრამ სწორედ ახლა იწყება გზა - უფრო აღმართიანი, უფრო მძიმე, რომელიც უნდა გავიაროთ, რათა თქვენი დარიგება, კურთხევა და სიყვარული სიცოცხლედ ვაქციოთ.

მშვიდობით!.. ვინც სიცოცხლე სიყვარულით დაგვიტკბე... ვინც სიჩუმეშიც კი ლოცვად დარჩით...

მიყვარხართ, პატრიარქო!..

ლიკა ტოკლიკიშვილი
SANGU-ს სტუდენტი

 
გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგ...

ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია

საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“

ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე

შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე

სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სადისერტაციო ნაშრომის შექმნის ძირითად ეტაპებზე, კვლევის შედეგების ეფექტიანად წარმოჩენის მეთოდებსა და...

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა